სასამართლო აქტები 01/06/2020 14. ზოგადად, ვებგვერდს შესაძლოა გააჩნდეს მრავალი ფუნქციური დატვირთვა, მათ შორის, საინფორმაციო. საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდები განეკუთვნება ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის ფართოდ გავრცელებულ საშუალებას. როგორც აღინიშნა, დასახელებული სადავო ნორმა ინტერნეტდომენის გამცემს ანიჭებს ვებგვერდის დაბლოკვის უფლებამოსილებას. ვებგვერდის დაბლოკვა გულისხმობს შესაბამის ვებგვერდზე ინტერნეტის გამოყენებით წვდომის შეზღუდვას. სხვაგვარად, ერთი მხრივ, ინტერნეტგვერდის მფლობელს ერთმევა საშუალება, საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით გაავრცელოს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, ინტერნეტთან დაკავშირებული პირი ვეღარ შეძლებს დაბლოკილ გვერდზე წვდომასა და ინფორმაციის მიღებას. 15. ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუშვებელი პროდუქციის მის ქსელში განთავსება და დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა. 16. ინტერნეტდომენის გამცემისთვის დადგენილი ვალდებულებისგან განსხვავებით, დასახელებული სადავო ნორმები პირდაპირ არ მიუთითებს, რა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უნდა შეზღუდოს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება მომსახურების მიმწოდებელმა. ამ თვალსაზრისით, რელევანტურ ნორმატიული წესს ადგენს რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, (ინტერნეტ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა შეიმუშაოს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება/გადამისამართებას. 17. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზოგადად დაუშვებელ პროდუქციად მიჩნეული მონაცემის ფილტრაციისთვის სხვადასხვა ტიპის ტექნიკური გადაწყვეტები არსებობს. მაგალითად, ასეთია ვებგვერდის სრულად ან მასზე განთავსებული კონკრეტული ინფორმაციის დაბლოკვა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ პრაქტიკაში ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები, როგორც წესი, თავიანთი ინიციატივით არ იღებენ გადაწყვეტილებას და ისინი მხოლოდ აღასრულებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიმართვებს. 18. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც რეგლამენტის ტექსტიდან, ისე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებებიდან იკვეთება, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის თვალსაზრისით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი აღჭურვილია უფლებამოსილებით, მიმართვის საფუძველზე შეზღუდოს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე. იმავდროულად, მართალია, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ინტერნეტმომსახურების პროვაიდერი კომპანიები სადავო ნორმებით მინიჭებულ უფლებამოსილებას თავისი ინიციატივით არ იყენებენ, თუმცა აშკარაა, რომ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე შეაფასონ, რამდენად თავსდება განსახილველი ინფორმაცია დაუშვებელი პროდუქციის ცნებაში და დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეზღუდონ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. 19. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგლამენტი განსაზღვრავს დაუშვებელი პროდუქციის ცნებას და, იმავდროულად, ითვალისწინებს ამგვარი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებებს. სახელდობრ, სადავო ნორმების თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახავი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 7/19

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents