სასამართლო აქტები 01/06/2020 პროდუქციის ცნება განსაზღვრული არაა, ეს კი, მისი აზრით, კიდევ ერთხელ, ადასტურებს იმას, რომ კანონმდებელმა დელეგირების საფუძველზე სწორედ კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება, თავად განემარტა ამ ტერმინის მნიშვნელობა. 13. მოპასუხე მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული რეგულაციები ემსახურება იმ სიკეთეების დაცვას, რომელთაც თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს. მაშასადამე, მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმებით დაშვებული გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების, ასევე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 14. მოპასუხე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმების ფარგლებში, ინტერნეტდომენის გამცემი და მომსახურების მიმწოდებელი, როგორც წესი, თვითნებურად და საკუთარი სუბიექტური შეფასებების საფუძველზე არ მოქმედებენ. აღნიშნული პირები გადაწყვეტილებას იღებენ და შესაბამის ზომებს მიმართავენ მხოლოდ კომისიის ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიმართვის შემდეგ. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ და ფინანსური პირობების გათვალისწინებით, კომისია აქტიურ რეჟიმში მუშაობს ფილტრაციის თანამედროვე მოდელის დამკვიდრებისათვის. 15. მოპასუხე მხარე იშველიებს არსებულ პრაქტიკას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება პორნოგრაფიის გავრცელების შეზღუდვას და საავტორო უფლებების დაცვას, რაც მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს. დაუშვებელი პროდუქციის სხვა კომპონენტების გავრცელების შეზღუდვის თაობაზე მხოლოდ უმნიშვნელო პრაქტიკის არსებობის მიუხედავად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი ნორმების არსებობა არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის № 1/8/1275 საოქმო ჩანაწერით № 1275 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის № 1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 4/19

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents